მერძეულ ფერმა „ვანი 1“-ში  ადგილობრივი ჯიშის ძროხებს  ეტაპობრივად მაღალპროდუქტიულით ანაცვლებენ

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მერძეული ფერმა „ვანი 1“ 2014 წლიდან არსებობს. როგორც გამოცემა georgiandairy წერს, მაშინ ფერმის მფლობელებმა ფერმის შენობა და ადგილობრივი ჯიშის ოცდაათი ძროხა ძველი მეპატრონისგან გამოისყიდეს და მეცხოველეობის თანამედროვე ბიზნესის შექმნა დაიწყეს. ნაბიჯ-ნაბიჯ მაღალპროდუქტიული საქონელიც შემოიყვანეს. დღეს უკვე მოზარდებიანად 250 სულ პირუტყვს ფლობენ და რაოდენობის გაზრდას კიდევ აპირებენ. ადგილობრივი ჯიშებით რომ ვერ ააწყობდნენ მერძეულ საქმიანობას ეს თავიდანვე გააცნობიერეს, ამიტომაც 2016 წელს ჯერ საქართველოშივე იყიდეს ჰოლანდიური შავჭრელი 16 ძროხა, მერე კი 38 ცალი იგივე ჯიშის პირუტყვი ჰოლანდიიდან თავად ჩამოიყვანეს.

„კიდევ ვაპირებთ პირუტყვის დამატებას, ამჯერად უკვე ჰოლშტეინებს შემოვიყვანთ, რადგან შავჭრელების შემთხვევაში წველადობა მაღალი არ გვაქვს. მომავალში მთლიანად განახლებულ ჯიშებზე გადავალთ. 120 ჰექტარ მიწას ვფლობთ, საიდანაც 60 ჰექტარზე სასილოსე სიმინდი, დანარჩენ ტერიტორიებზე კი თივა, ხორბალი და შვრია გვითესია. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა, ძალიან დიდი კომპლექსი, რომელიც პირუტყვის დამატების შესაძლებლობას გვაძლევს. ყველაფერი ჩვენი საკთარი სახსრებით გავაკეთეთ, ეს ადვილი არ იყო ფინანსურად, მაგრამ შევძელით. ახლა კი გვჭირდება სახელმწიფოს დახმარება მანქანა-დანადგარებით მაინც. აუცილებელია ჩვენთვის ნაკელის გასატანი და სილოსის დასამუშავებელი თანამედროვე ტექნიკა, რისი სახსრებიც ამ ეტაპზე არ გვაქვს“, - ამბობს ფერმის მენეჯერი მიხეილ ნიკოლეიშველი.

ფერმა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ შენობაში ბაგურ კვებაზე მყოფი მაღალპროდუქტიული პირუტყვია განთავსებული და მეორე შენობა კი ადგილობრივი ჯიშის ძროხებს ეთმობა, რომლებიც უფრო მეტად საძოვრებზე გაშვებულები არიან. საბოლოო ჯამში 28 მეწველი სული ჰყავთ. მაღალპროდუქტიულების საშუალო წველადობა 20 ლიტრზე მეტია, ადგილობრივების კი 14 ლიტრს ქვემოთ.

ფერმიდან რძეს სეზონურად აბარებენ, მაგრამ როდესაც გაზაფხულიდან რძე ძალიან იაფდება, მაშინ იმერული ტიპის ყველს თავად ამზადენენ და რეალიზაციასაც თავადვე ახორცილებენ. ძროხების გარდა 20 სული თხაც ჰყავთ და მათაც ძირითადად მერძეული მიმართულებით იყენებენ და რადგანაც მიაჩნიათ, რომ მათთვის თხების მოშენებაც მომგებიანია, სულადობის გაზრდას სამომავლოდ კიდევ გეგმავენ.

წყარო: georgiandairy