საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს.

გიორგი ამაშუკელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 12 აგვისტოს #285 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

ამაშუკელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში 2013 წლიდან მუშაობს. ის ჯერ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა, შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, 2014 წლის ივლისიდან კი მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

გარდა ამისა, გიორგი ამაშუკელი სხვადასხვა წლებში რამდენიმე საჯარო და კერძო უწყებაში მუშაობდა - 2013 წელს იგი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე იყო. 2012-13 წლებში შ.პ.ს. საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2010-12 წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაცია/კანონის უზენაესობის ინიციატივის იურისტი (საქართველოს ოფისში). 2004-2007 წლებში კი საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების'' ადვოკატი. 2004-2005 წლებში კი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გამოცემათა სამსახურის სამართლის სპეციალისტი (სოციოლოგიური კვლევების დეპარტამენტში).