ბინების გაქირავების გლობალურ პლატფორმა Airbnb-ზე აფხაზეთის რეგიონში მდებარე სახლებისა და ბინების ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა.
თუ 2 თვის წინ აღნიშნულ საიტზე სახლის დღიური გაქირავების ფასი, ერთ ადამიანზე 9 დოლარიდან იწყებოდა და 2000 დოლარამდეც კი ადიოდა, ამ დროისთვის, 7-დან 119 დოლარამდე მერყეობს.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლები აკრძალა, აფხაზეთის ე.წ მთავრობამ რუსი ტურისტები აფხაზეთში დაპატიჟა.
„ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზმიც“, - აღნიშნა დე ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა.
როგორც Airbnb-ზე ვნახულობთ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მდებარე სახლების ფასი მისი კომფორტისა და შენობის მდგომარეობის მიხედვით განსხვავდება.
მაგალითად, დღეში 7დოლარად ერთი ადამიანი სოხუმში მდებარე კერძო სახლში შეძლებს დასვენებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლი 10 სტუმარზეა გათვლილი, აქვს 4 საძინებელი და ერთი სააბაზანო.
ამავე განცხადების მიხედვით, სახლი ზღვიდან 2 წუთის სავალზეა. ამასთან, ჰყავს - „ძალიან ყურდღებიანი და თბილი დიასახლისი“ და თუ საჭირო გახდა, უფასო გიდობასაც კი გაუწევს სტუმრებს.
ერთი ტურისტი დღეში 25 დოლარად დაისვენებს სახლში, რომელიც ცანდრიპში მდებარეობს. როგორც განცხადებაშია აღნიშული, სახლი ზღვიდან 200 მეტრის სავალზეა, ამასთან, აქვს 1 ოთახი, სადაც 3 სტუმარი განთავსდება.
„ჩვენ გვაქვს უფასო WI-FI, უფასო ავტოსადგომი სახლთან, დიდი ეზო. სახლი ზღვიდან 200 მეტრში მდებარეობს, მანქანით 5 წუთის სავალზე. გვაქვს უგემრიელესი ღვინოც, რომლიც სახლშია დამზადებული“,-აღნიშულია განცხადებაში.
32 დოლარი ღირს ერთი ღამის გათევა სოხუმში მდებარე კორპუსის ბინაში. როგორც განცხადებაში წერია, ბინაში 4 ადამიანის მოთავსება არის შესაძლებელი, აქვს 1 საძინებელი, მისაღები და აბაზანა. ამასთან, ზღვიდან 10 წუთის სავალზეა.
რაც შეეხება განცხადებებს შორის, ყველაზე ძვირ შეთავაზებას, ეს არის კოტეჯი, სადაც ერთი ტურისტი ღამეს 119 დოლარად გაათევს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოხუმში, ზღვის სანაპიროზე სულ 4 ასეთი კოტეჯია, რომელიც ჯამში 6 ადამიანს მოემსახურება.
„თითოეული კოტეჯი აღჭურვილია ყველა იმ აუცილებელი პირობით, რომელიც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. კოტეჯი შეგიძლიათ იქირაოთ თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. გვაქვს ეზო, სპორტული მოედანი და ფაცხა სანაპიროზე. ზღვაში კი ზუსტად 1 წუთში ხართ!“,-აღნიშულია განცხადებაში.