ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად მუშაობს, სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტები მოიზიდოს და მცირე ბიზნესს გვერდში დაუდგეს.
„შექმნილ ვითარებას დეტალურად ვსწავლობთ. მე პირადად შევხვდი ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს, ტურ-ოპერატორებთან შეხვედრა გუშინაც გავმართე. იქ იყვნენ მცირე სასტუმროების მფლობელები, მათი გასაჭირი მოვისმინეთ. ხვალ კი კომერციულ ბანკებს შევხვდებით. ჩვენი ამოცანაა პრობლემების იდენტიფიკაცია მოვახდინოთ და მორგებული გეგმა წარვუდგინოთ ბიზნესს.
ეს სექტორი ნამდვილად არის გამოწვევის წინაშე და მე არ ვცდილობ, რომ შევალამაზო. ტურისტული სეზონი დაწყებულია და ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შოკი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზარალი შევარბილოთ.
საქართველო არის უსაფრთხო ადგილი ტურისტებისთვის და უსაფრთხო ქვეყანად ვართ მიჩნეული მსოფლიოში. ჩვენ აქ ყველა ქვეყნის ტურისტებს, მათ შორის რუს ტურისტებს ველოდებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.