ნათია თურნავა ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა

აჭარის ტურისტული სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქობულეთიდან დაიწყო, სადაც მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქობულეთში, ისევე როგორც მთლიანად აჭარაში მცირე სასტუმროების დიდი ნაწილი, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

აქციის მონაწილეებმა მინისტრს სთხოვეს დახმარება, რათა ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს რუსეთიდან ტურისტების შენარჩუნებას მათთვის საქართველოში ჩამოსასვლელი ალტერნატიული გზების გამონახვაში, ასევე ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ათვისებაში.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააჟღერეს თხოვნა, რომ მთავრობამ გაუწიოს მათ შუამდგომლობა კომერციულ ბანკებთან სესხების მომსახურებისას შეღავათების გაწევის კუთხით. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის ამ საკითხს ბანკების მმართველებთან შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებს.