ევროკავშირი ე.წ. მესამე ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს პროდუქცია არ მიაწოდონ

ევროკავშირი ე.წ. მესამე ქვეყნებს მიმართავს, არ მიაწოდონ რუსეთს პროდუქცია, რომლის ექსპორტი რუსეთმა იმ ქვეყნებიდან აკრძალა, რომელთაც მას სექტორული სანქციები დაუწესეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ევროკომისიის მდივნის, პიტერ სტანოს განცხადებაზე დაყრდნობით.

"რუსეთის მიერ 6 აგვისტოს გადადგმულ საპასუხო ზომებზე რეაგირების სახით, ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს გარკვეულ პარტნიორ-ქვეყნებთან, რომელთაც შეუძლიათ გახდნენ რუსეთისთვის იმ პროდუქციის პოტენციური მიმწოდებლები, რომლის ექსპორტიც რუსეთმა ევროპიდან აკრძალა", - განაცხადა პიტერ სტანომ.

მისივე თქმით, რაიმე სახის დამატებითი დეტალების, მათ შორის კონკრეტული ქვეყნების დასახელების გახმაურება ამ დროისთვის მიუღებლად მიაჩნია.

7 აგვისტოდან რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან ხორცის, რძის პროდუქციისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა.

რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ეგვიპტიდან საქონლის შეტანა გაამარტივა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სოჭში ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფათახ ას-სისის შეხვდა. "ეგვიპტესთან ამ ქვეყნის პროდუქციის ჩვენს ბაზარზე გამარტივებული წესით შემოტანაზე შევთანხმდით", – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის 90%-ს ეგვიპტე ახორციელებს. "ეგვიპტემ 30%-ით უკვე გაზარდა ამ პროდუქციის ჩვენს ბაზარზე შემოტანა და მზადაა, ეს მოცულობა კიდევ გაზარდოს", – დასძინა პუტინმა.