ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ხელმოწერის დროს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევის მოთხოვნა ანაკლიის პორტის პროექტში არ ყოფილა. ამის შესახებ ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ეს პროცესში წარმოშობილი საკითხია.
„მომენტში, როდესაც ანაკლიის კონსორციუმთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, ასეთი დაშვება არ ყოფილა. თვითონ ტენდერის პირობებსაც თუ ნახავთ, ძალიან ცხადად წერია, რომ გამარჯვებულ კომპანიას ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა წარმოედგინა პროცესში. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობაში წარმოშობილი არის საკითხი, რომ დღეს უკვე საფინანსო ინსტიტუტები ითხოვენ დამატებითი კრიტერიუმების შესრულებას. ხელმოწერის მომენტში ასეთი რამ არ ყოფილა“, - -განაცხადა ქუმსიშვილმა.
კითხვაზე: აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი? ქუმსიშვილმა უპასუხა: "აუცილებლად უნდა აშენდეს".