რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია.

კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მონაწილეობდა.

ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პლენარულ სხდომათა დარბაზში სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2018 წლის 29 ნოემბერს აქვს შევსებული, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ფლობს 109,9 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. ამასთან, მის საკუთრებაშია მოტოსატრანსპორტო საშუალება - Harley-Davidson-ი, რომელიც 2016 წელს 8 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში თალაკვაძეს საბანკო ანგარიშებზე 12 832.18 ლარი ჰქონდა. მისმა როგორც უმრავლესობის ლიდერის შემოსავალმა 2017 წელს 66 465 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ მეგობრისგან 360 დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო საჩუქრად. დეკლარაციის თანახმად, თალაკვაძის სახელზე რამდენიმე სესხიც ფიქსირდებოდა.

არჩილ თალაკვაძე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს მსუბუქ ავტომობილს BMW-ს, რომელიც 2017 წელს 5 800 დოლარად შეიძინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 11,6 ლარი ჰქონდა. მისმა წლიურმა შემოსავალმა კი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მარკეტინგის და კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოსტზე 73 032,5 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე თანამდებობა 21 ივნისს დატოვა. რაც საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას, მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასა და თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებას უკავშირდება. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო.

თაია არდოტელი
რა ქონებას ფლობს ეკა ბესელია