ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ფალსიფიცირებული და უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, გონიოს დასახლებაში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონელის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტები და ასევე ყალბი აქციზური მარკები გამოავლინეს.
„შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კაფე-რესტორანი სტამბულისა“ და კაფე-რესტორან ,,ილდიზში“, დათვალიერების პროცედურის შედეგად, დადგინდა, რომ აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის - სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელის (ჯამში 185 ბოთლი) აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციას ახდენდნენ. ასევე გადამხდელს, ორივე ობიექტში, იჯარით აღებული რესტორნის კონკრეტული ოთახები ფალსიფიცირებული არყისა და ვისკის ჩამოსასხმელად ჰქონდა მოწყობილი. ამავე ოთახში, ჯამში 410 ცალი, ყალბი აქციზური მარკები იქნა აღმოჩენილი, რომლებიც გადაღებული იყო ფერადი ქსეროქსის აპარატით და გამოიყენებოდა ფალსიფიცირებულ სპირტიან სასმელებზე დასაკრავად. ასევე შ.პ.ს ,,კაფე-რესტორანი სტამბულის“ დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“ (1 146 ბოთლი) შესაბამისი მარკირების გარეშე. ფაქტზე შედგენილ იქნა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი,“-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, გამოვლენილი სამართალდარღვევები, ქვემდებარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა. ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.
იმავე დღეს, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ინდივიდუალური მეწარმე ნაგიჰან ქოიუნის კუთვნილ რესტორანში, მარკირებას დაქვემდებარებული მინერალური წყალი „ავანტე“ შესაბამისი მარკირების გარეშე აღმოაჩინეს. საქმეზე შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. ასევე, შპს ,,მერჯანის“ კუთვნილი ღამის კლუბის დათვალიერების პროცედურის შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, საქონლის - სპირტიანი სასმელის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა. საქმეზე შედგენილია შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი. მასალები ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.