2020 წლიდან, „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარის ნაცვლად 5- კაციანი საბჭო უხელმძღვანელებს

2020 წლიდან „კონკურენციის სააგენტოს“ თავმჯდომარის ნაცვლად 5- კაციანი საბჭო უხელმძღვანელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 965 000 ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, იცვლება სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც თავიდანვე არის ჩართული მოკვლევის პროცესში, იცნობს საქმის მიმდინარეობას და ამასთან, წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც. ცვლილებების თანახმად კი, სააგენტოს მართვის ორგანო იქნება საბჭო, რომელიც შედგება 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან. საბჭოს წევრთა კანდიდატებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრი. სწორედ პარლამენტი წყვეტს საბჭოს წევრების არჩევისა და გათავისუფლების საკითხს. თავის მხრივ, საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც ამავდროულად, სააგენტოს თავმჯდომარეცაა.

ამასთან, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. რამდენადაც, სააგენტოს მმართველი ორგანოს, 5- კაციანი საბჭოს ჩამოყალიბებიდან გამომდინარე 2020 წლიდან ბიუჯეტიდან დაახლოებით 965 000 ლარის გამოყოფა იქნება საჭირო.

აქედან, თანხის უმეტესი ნაწილი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. კერძოდ, თანამდებობრივი სარგოსთვის უნდა გამოიყოს 420 000 ლარი (აქედან საბჭოს 5 წევრის ხელფასი - 350 000 ლარი; საბჭოს წევრების მძღოლების ხელფასი - 35 000 ლარი); . საქონლისა და მომსახურებისთვის - 445 000 ლარი (აქედან ავტომობილები - 300 000 ლარი; ინვენტარი - 60 000 ლარი; საწვავის ხარჯი - 45 000 ლარი; მივლინება - 40 000 ლარი). სხვა ხარჯებისთვის - 30 000 ლარი. იჯარა (საჭირო გახდება დამატებითი ფართის გამოყოფა საბჭოს წევრებისთვის) – 70 000 ლარი.

„აღსანიშნავია, რომ მითითებული - 965 000 ლარი იქნება პირველი წლის ხარჯი - რაც მომდევნო წლებში შემცირდება დაახლოებით 360 000 ლარით (გამოაკლდება ავტომობილებისა და ინვენტარის ხარჯი),”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანხმად, კონკურენციის სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის ცვლილების მიზეზი ისაა, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ პირს, მაშინ როდესაც, განსახილველი საკითხის მნიშვნელობის, ასევე, სააგენტოს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებლობის ამაღლებისთვის, მიზანშეწონილია საკითხის გადაწყვეტის უფლების მქონე ორგანო იყოს კოლეგიური.

აღსანიშნავია, რომ იმიჯნება უფლებამოსილებები საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს შორის. კერძოდ, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა ძირითადი საკითხის გადაწყვეტის უფლება ენიჭება საბჭოს (სააგენტოს სტრუქტურის და საშტატო ნუსხის დამტკიცება, მოკვლევის დაწყება/უარი, მოკვლევის შედეგად საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა, კონცენტრაციაზე თანხმობა/უარი და სხვა), ხოლო თავმჯდომარე, წყვეტს შიდაორგანიზაციულ საკითხებს, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მონაწილეობს, კერძოდ, ითხოვს უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში აუცილებელ ინფორმაციას, იბარებს მხარეებს ახსნა-განმარტებაზე, საკონსულტაციო შეხვედრაზე და სხვ.

ცნობისთვის, კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. კანონპროექტის ავტორი სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ხოლო მისი ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულიაა.