კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა. კანონპროექტის ავტორი სსიპ - საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ხოლო მისი ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი - რომან კაკულიაა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზი ისაა, რომ მოქმედი კანონი შეიცავს არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. ამასთან, ცვლილებები მომზადდა ევროკავშირის პროექტის ექსპერტების, ასევე, არაერთი უცხოელი ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე.
ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების გარეშე სააგენტოს საქმიანობა იქნება არაეფექტური - ვერ აღსრულდება კანონი სათანადოდ და ბევრი საკითხი დარჩება ღია, განსაკუთრებით, ეკონომიკის რეგულირებად სექტორში კონკურენციის კანონის აღსრულების კუთხით.
რაც შეეხება კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებებს, კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემოდის ჯარიმა. კერძოდ, კონცენტრაციის შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე ეკონომიკურ აგენტს/აგენტებისათვის - რაც შეადგენს სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის 5%-ს, ასევე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევისათვის - წინა ფინანსური წლის 1%-მდე (განმეორებითობა - 3%-მდე).
ამასთან, იცვლება სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელიც თავიდანვე არის ჩართული მოკვლევის პროცესში, იცნობს საქმის მიმდინარეობას და ამასთან, წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ პირსაც. ცვლილებების თანახმად, სააგენტოს მართვის ორგანო იქნება საბჭო, რომელიც შედგება 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრისგან. საბჭოს წევრთა კანდიდატებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრი.
იცვლება სააგენტოს უფლებამოსილებებიც, კერძოდ სააგენტო მოკვლევას დაიწყებს, საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით - დღეს მოქმედი კანონმდებლობით საქმის მოკვლევის დაწყების სამი საფუძველია: ა) განცხადება; ბ) საჩივარი და გ) სააგენტოს ინიციატივა.