BK Construction-მა, „სითი მოლის“ სამშენებლო ობიექტზე, თავისი სამშენებლო კოლეჯის, „კონსტრუქტ2-ის“ პირველი გამოშვების სტუდენტებისთვის ობიექტებზე მიღების ცერემონია გამართა.
ღონისძიებას BK Construction-ის, m2-ის, საქართველოს კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რაგბის კავშირის წევრები და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
„კონსტრუქტ2“ სამშენებლო კომპანია BK Construction-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საერთო პროექტია, რომლის სრული საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონი ლარია.
ზესტაფონში მდებარე კოლეჯში სამშენებლო მიმართულებით თერთმეტ ხელობას ასწავლიან. სასურველი პროფესიის დაუფლება, სრულიად უფასოდ, 18 წელზე უფროს ნებისმიერი ასაკის, სქესის, ფიზიკური შესაძლებლობისა თუ გამოცდილების მქონე მსურველს შეუძლია. კოლეჯის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები, BK Construction-ის სამშენებლო ობიექტებზე დასაქმდებიან.
სამშენებლო სფეროში 26-წლიანი გამოცდილების მქონე BK Construction-ის მთავარი პრიორიტეტები, ხარისხიანი მშენებლობის გარდა, დასაქმებულთა პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის უნარი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ერთგულებაა. სწორედ არსებული მიდგომებისა და ფასეულობების გასამყარებლად და შრომით ბაზარზე დამატებით კვალიფიციური კადრების დასამატებლად შეიქმნა სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი, „კონსტრუქტ2-ის“ პირველ ნაკადს პირადად მივულოცო სასწავლო კურსის პირველი ეტაპის დასრულება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე თვის წინ გახსნილი სამშენებლო კოლეჯი, თავის მხრივ, უკვე წარმოადგენს BK Construction-ის ერთგვარ ხერხემალს. ახალი ნაკადისა და ვეტერანი მშენებლების კოლაბორაცია სამომავლოდ, უფრო მასშტაბური და ხარისხიანი მშენებლობების განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - ამბობს შოთა ბერეკაშვილი, BK Construction-ის გენერალური დირექტორი და დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი.