მიზეზები, რამაც ლარის კურსის ახალი ანტირეკორდი გამოიწვია

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება, ლარზე გაზრდილი მოთხოვნა და ეკონომიკის ზრდის შენელება - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რასაც ანალიტიკოსი აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებს.

როგორც ცომაია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბოლო დროს მიმდინარე პროცესები, კონკრეტულად კი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შეჩერბაზე ვლადიმერ პუტინის ბრძანება ლარის დევალვაციაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა სინამდვილეში, ამას გაცილებით ფუნდამენტური მიზეზები აქვს.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის მიერ დღეისთვის დადგენილი კურსით, ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8333 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7945 ლარი იყო.

როგორც აკაკი ცომაია აცხადებს, ლარის ამგვარ გაუფასურებას ბევრი მიზეზი აქვს. თუმცა, მათ შორის, მთავარია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება და ასევე, ეროვნულ ვალუტაში სესხებზე გაზრდილი მოთხოვნა.

„შეიძლება ადამიანებს ჰგონიათ, რომ ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები და ის მოლოდინებია, რომ ტურისტული ნაკადები შემცირდება და ლარი გაუფასურდება, მაგრამ ამ კუთიხით გამოწვეული გაუფასურება შეზღუდულია. ახლა ქვეყანას არ აქვს იმხელა რესურსი, რომ დაიწყოს დოლარის დარეზერვება ისეთ დონეზე, რომ ასე სპონტანურად დაიწყოს ლარის გაუფასურება. სინამდვილეში არსებობს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პრობლემები. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, ეროვნულ ვალუტაში სესხებზე მოთხოვნა იზრდება, ამასთან, ეკონომიკის ზრდის პროცესი ძალიან შენელდა, რაც ცალსახად მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხია“,-აცხადებს აკაკი ცომაია.

ნინი ქეთელაური