რა თანხას ხარჯავს აჭარის მთავრობა უცხოეთში რეგიონის რეკლამირებაზე

აჭარის მთავრობამ 2019 წელს უცხოურ მედიაში რეგიონის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოყო.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბიუჯეტით განსაზღვრული თანხიდან, მიმდინარე წლის 5 თვეში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი) 182 263 ლარის ათვისება მოხდა, საიდანაც სატელევიზიო რეკლამაზე დაიხარჯა - 89 239 ლარი, სარეკლამო - საინფორმაციო ტურების ორგანიზებაზე (ჟუნალისტებისა და ტურ-ოპერატორების ჩამოყვანა) - 93 024 ლარი.

რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, გასულ წელს, აჭარის რეგიონის უცხოურ მედიაში რეკლამირებაზე, ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5 880 000 ლარი, საიდანაც 5 539 564 ლარის ათვისება მოხდა. მათ შორის, სატელევიზიო რეკლამაზე დაიხარჯა 1 834 355 ლარი, ინტერნეტ რეკლამაზე - 1 624 950 ლარი, გარე რეკლამაზე (მათ შორის, ბეჭდურ მედიასა და სხვა საშუალებებში) - 1 607 789 ლარი, სარეკლამო-საინფორმაციო ტურების ორგანიზებაზე (ჟურნალისტების და ტურ-ოპერატორების ჩამოყვანა) – 272 470 ლარი, ვიდეო რგოლების დამზადებაზე - 200000 ლარი.