სექტემბრიდან პური შესაძლოა 5-10 თეთრით გაიაფდეს

წელს საქართველოში, გვალვების მიუხედავად, ხორბლის ყველაზე დიდი მოსავალია.

უხვი მოსავალია ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებშიც - 750 მილიონი ტონა. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ტონა ხორბლის ღირებულება უკვე 200 დოლარს ჩამოსცდა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსები ფქვილის და შემდეგ პურის გაიაფებას ელიან. საქართველოში კი, უკვე რამდენიმე თვეა 1 ტომარა ფქვილი მინიმუმ 10 ლარით არის გაიაფებული. შესაბამისად, სექტემბრიდან, როდესაც გაიაფებული ხორბლის იმპორტი დაიწყება, პურის ღირებულების 5-10 თეთრით შემცირება გარდაუვალი უნდა გახდეს.

საქართველოში ალოობა გახურდა. კახეთში ხორბალი უკვე აიღეს, ამჯერად, კომბაინები შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მუშაობენ. გვალვების გამო მოსავლიანობის პროგნოზი რამდენიმე ათასი ტონით შემცირდა, თუმცა წელს მოსავალი წინა წლებთან შედარებით მაინც ბევრად დიდია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ხუცაიძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, ხორბლის ნათესები, დაახლოებით, 40%-ით გაიზარდა და 85 ათასი ჰექტარი შეადგინა. რომ არა გვალვა, ქვეყანას მინიმუმ 170 ათასი ტონა ხორბალი უნდა მიეღო. ამჯერად, საპროგნოზო მაჩვენებელი 120-140 ათასი ტონაა.

კოტე ხუცაიძე ამბობს, რომ გვალვამ ძირითადად კახეთი დააზარალა, სიღნაღის რაიონში 14 ათას ჰექტარზე ნათესებს 20-100%-მდე სხვადასხვა სახის ზიანი მიადგა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსაუხრის უფროსის, ბონდო ბოღაშვილის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონში ხორბალი 19 790 ჰექტარზე დაითესა, აქედან 16 100 საშემოდგომო ხორბალია, 3690 საშემოდგომო ქერი. 4995 ჰექტარ ხორბლის ყანაში კომბაინი აღარ შევიდა, ვინაიდან ყანა 100%-ით განადგურდა.

”განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ივრის ზეგანზე, ქვემო მაჩხაანში ყარაღაჯი-მილარის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს გაუდაბნოება. გარდა მარცვლეული კულტურებისა, 100 ჰექტარზე ახლადგაშენებული ვენახი გახმა”, - ამბობს ბონდო ბოღაშვილი.

რაც შეეხება ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებს, ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 8 მილიონი ტონით მეტი ხორბალი უნდა მოვიდეს. მთლიანობაში, პროგნოზი 750 მილიონ ტონაზე კეთდება. სავარაუდო მოსავალი 3 მილიონი ტონით არის გაზრდილი რუსეთში და 1 მილიონი ტონით ყაზახეთში. ეს ის რეგიონებია, საიდანაც საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობის ხორბალი შემოაქვს.

უხვი მოსავლის შესაბამისად, ფასიც ხელსაყრელი უნდა იყოს, თუმცა უცხოური მედია ეჭვობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ხორბლის ფასი გააძვიროს. ”მეხორბლეთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ლევან სილაგავას განცხადებით, ეს არასწორი პროგნოზია, ვინაიდან ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა უკვე უკუსვლა დაიწყო.

”მსოფლიოში ხორბლის უპრეცედენტოდ დიდი მოსავალია. აშშ 750 მილიონ ტონა ხორბალზე აკეთებს გათვლას. ჩიკაგოს ბაზარზე კი 1 ტონა ხორბლის ფასი 200 დოლარს ჩამოსცდა. 20 აგვისტოდან ხორბლის აღებას დაიწყებენ ყაზახეთში, სადაც ასევე ძალიან დიდი მოსავალია. აქედან გამომდინარე, ხორბალზე მხოლოდ დაბალ ფასს უნდა ველოდოთ”,- ამბობს ლევან სილაგაძე.

ამ დროისთვის, საქართველოს ბაზარზე 1 ტომარა, 1-ლი ხარისხის ფქვილის ღირებულება 36-37 ლარია. თვეების წინ, ტომარა ფქვილის 47-48 ლარი ღირდა. ფქვილზე ფასზე დაკლებას პურის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია. ამჯერადაც, პურის ქარხნების ხელმძღვანელებს უჭირთ იმაზე საუბარი, როდის იქნება შესაძლებელი პურის გაიაფება.

პურ-პროდუქტების მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ვერ აკონკრეტებს შესაძლებელია თუ არა პურის გაიაფება. იგი ამბობს, რომ პურის ქარხნები მოძველებული მანქანა-დანადგარებით მუშაობენ, რაც საკმაოდ მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, დოლიძის თქმით, პურის თვითღირებულებაში საკმაოდ დიდი წილი უკავია კომუნალურ გადასახადებსაც. მალხაზ დოლიძე ასევე საუბრობს, რომ მაღალ მარჟაზე მუშაობენ მაღაზიები, ამიტომ პურის ქარხნებმა ამ პროდუქტზე ფასი რომც დაწიონ, შეიძლება მაღაზიებმა იგი არ გააიაფონ.

საქართველოს მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოხმარს. აქედან დიდი წილი იმპორტს უჭირავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტმა 27%-ით იკლო. შარშან საქართველოში 654,420 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, ანუ 243,166 ათასი ტონით ნაკლები. 2012 წელს ხორბლის იმპორტი 897,586 ათასი ტონა იყო.

ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის 50%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. 2013 წელს ჩრდილოეთიდან საქართველოში 492,346 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, ხოლო 2012 წელს - 364,008 ათასი ტონა. იმპორტიორებს შორის მეორე პოზიციაზე ყაზახეთია, ხოლო მესამეზე - უკრაინა. 2012 წლის მონაცემებით კი, იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზე ყაზახეთი, მეორეზე - რუსეთი, ხოლო მესამეზე - შვეიცარიაა. 2013 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ღირებულებამ 184,336.6 ათასი დოლარი შეადგინა, 2012 წელს- 239,953.1 ათასი დოლარი.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”