ტექნიკური უნივერსიტეტის სერტიფიცირების ცენტრი გაზის სექტორისთვის კვალიფიციურ პერსონალს მოამზადებს

„დღეს მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ სერტიფიცირების ცენტრი, სადაც გაზის მეურნეობისა და გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მომზადდება კვალიფიციური პერსონალი,“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იუწყებიან, სამუშაო შეხვედრა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე, აკადემიური პერსონალი, და საქართველოში მოქმედი გაზგამანაწილებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის თემა ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის მომზადების, გადამზადებისა და სერტიფიცირების შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადებული შეთავაზება იყო.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რამდენიმე თვეა აქტიური მუშაობა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ბუნებრივი გაზის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება, ხოლო მეორე მიმართულება, მინისტრის თქმით, გაზის სფეროში ცოდნის მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფაა.

„იმის გამო, რომ უსაფრთხოების გარკვეული საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სტანდარტები გაზის სფეროში ყოველთვის არ არის დაცული, ამასთან, გვაქვს სამწუხარო სტატისტიკა, ეს უკვე დიდი პრობლემა გახდა. გაზიფიცირების არეალი იზრდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება, ჩვენ გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამა გვაქვს, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა მალე იქნება გაზით უზრუნველყოფილი. ამის პარალელურად იზრდება პასუხისმგებლობა, რომ გაზმომარაგება იყოს უსაფრთხო. შესაბამისად, უფრო მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება. რასაკვირველია, ამ საქმეში მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის როლი. ეს კარგი შესაძლებლობაა მთავრობისთვისაც და ჩვენი მომხმარებლისთვისაც, გამოვიყენოთ ტექნიკური უნივერსიტეტის პოტენციალი. ინიციატივა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმაც აიტაცეს, რადგან თვითონაც გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რექტორის არჩილ ფრანგიშვილის განცხადებით, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სერტიფიცირების ცენტრის გახსნა, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული და გამოყენებით კვლევებზე დაფუძნებული უნივერსიტეტი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის, გია არაბიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ახლადშექმნილ სერტიფიცირების ცენტრში გაზის სექტორში მომუშავე კომპანიების თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება და სერტიფიცირება დაიწყება.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებისა და დოქტორანტების „ნოუჰაუს“ მიხედვით შექმნილი მაღალტექნოლოგიური გაზის ხელსაწყო-დანადგარების ნიმუშები, მათ შორის, გაზის დეტექტორი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ახლადგახსნილი „საექსპერტო ლაბორატორია“ დაათვალიერეს.