“შავი ოქროს” სიურპრიზები

ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის საწვავი შემოვიდა

ბოლო დღეებში საქართველოში “შავი ოქროს” ფასი შემცირდა: ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიც “გალფი”, “ვისოლი”, ან “რომპეტროლია”, საწვავი საშუალოდ 3-5 თეთრით გააიაფეს. საწვავზე ფასების შემცირება ერთგვარი სიურპრიზი იქნება ქართველი მომხმარებლისათვისო, - აღნიშნა კომპანია “გალფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო ივანჩევმა და ეს მართლაც ასეა. ნავთობის ფასი საგრძნობლად დაეცა მთელ მსოფლიოში. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ფასების შემცირება მომავალშიც გაგრძელდეს.

რამ გამოიწვია საწვავის გაიაფება? - ამ საკითხზე bpn.ge “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარეს, ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა.

ვანო მთვრალაშვილი: ”ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში შეინიშნება ნავთობის გაიაფების ტენდენცია და ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: პირველ რიგში შემცირება განაპირობა იმან, რომ ერაყში არსებულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია ნავთობის მოპოვებაზე. მართალია, ერაყში მეამბოხეებსა და სამთავრობო ძალებს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ხდება, ხოლო ნავთობის მოპოვების ძირითადი ნაწილი ერაყის სამხრეთშია. საომარი მოქმედებები არ შეეხო ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, რის გამოც მსოფლიო სანავთობო კრიზისს გადაურჩა, არადა, ამის საშიშროება სავსებით რეალური იყო. ამავე დროს, ღაზას სექტორში არსებულმა კრიზისმაც ვერ შეაფერხა ნავთობის მოპოვება და ექსპორტი სხვა ქვეყნებში. აქვე უნდა ვახსენოთ რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რომლის გამოც ბევრი ელოდა, რომ საწვავი მთელ მსოფლიოში გაძვირდებოდა. ყველამ იცის, რომ რუსეთი დიდი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა და ევროპაში რუსულ ნავთობს საკმაო ადგილი უკავია, მაგრამ ნავთობის ექსპორტს დაბრკოლებები არც ამ მიმართულებით შექმნია. ამ ფაქტორების გამო ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო და ბოლო ცხრა თვის მინიმუმზეა დასული”.

ჩვენს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ერთ-ერთ მიზეზად ვანო მთვრალაშვილი იმპორტის ზრდასაც ასახელებს: ”ყველა ქვეყანა, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, თავისთავად დამოკიდებულია მსოფლიოში არსებულ ფასებზე. ბოლო ხანებში საქართველოში შემცირდა როგორც ბენზინის, ასევე დიზელის საწვავის ფასიც. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა კომპანიებმაც შეამცირეს ფასები. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის საწვავი შემოვიდა - 103 ათასი ტონა, რაც 31 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსული საწვავის დიდმა რაოდენობამ განაპირობა ფასების კლება. საბოლოო ჯამში, ყველა ამ ფაქტორმა სერიოზული გავლენა იქონია ადგილობრივ ფასწარმოქმნაზე. ნავთობპროდუქტების იმპორტის მაღალი მაჩვენებელი იმითაც არის კარგი, რომ საბიუჯეტო შემოსავლებს ზრდის და ეკონომიკაზეც დადებითად აისახება, ამავე დროს, ეს ეკონომიკის გამოცოცხლების ერთგვარი ნიშანიცაა”.

ვანო მთვრალაშვილიც მიიჩნევს, რომ საწვავის გაიაფება ყველასათვის მოულოდნელი იყო, რადგან ზაფხულობით ყოველთვის საპირისპირო რამ ხდება ანუ -”შავი ოქრო” ძვირდება:

”ზაფხულში, მით უმეტეს, აგვისტოში, საწვავის ფასი ყოველთვის მაღალია იმიტომ, რომ ამ დროს ძალიან იმატებს მოთხოვნილება ბენზინზე. მოგეხსენებათ, ეს შვებულებებისა და დასვენების დროა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამიტომ, როგორც წესი, აგვისტოში საწვავის ფასი მატულობს, ახლა კი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი რამ მოხდა. შემცირდება თუ არა ახლო მომავალში ”შავი ოქროს” ფასი? - ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში საწვავის ფასი სტაბილური იქნება. შემცირდება თუ არა, ამის თქმა ძნელია, მაგრამ გაიაფების ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. რაც მთავარია, ნავთობის ფასი მეტნაკლებად სტაბილურია და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მომავალში რა იქნება? - ეს პირველ რიგში მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. საწვავის ფასზე შეიძლება ყველაფერმა გავლენა იქონიოს, რადგან ეს სფერო ძალიან ჰგავს ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც ყველაფერზე რეაგირებს, რაც ირგვლივ ხდება. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ აგვისტოს ბოლომდე ფასები სტაბილური იქნება”,- აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

ციფრების ენით: ”საქართველოს იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 103,3 ათასი ტონა შეადგინა, აქედან ბენზინი იყო 38,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავი -65,1 ათასი ტონა. 2014 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის საწვავი რუმინეთიდან შემოვიდა - 171,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,1 პროცენტს შეადგენს. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი- 122,9 ათასი ტონა ანუ იმპორტის 25,2 პროცენტი, ბულგარეთი - 75,2 ათასი ტონა - 15,4 პროცენტი, პირველ სამეულს მოჰყვებიან საბერძნეთი - 59,8 ათასი ტონა, (12,3 პროცენტი) რუსეთი -37,8 ათასი ტონა ანუ 7,7 პროცენტი და თურქმენეთი, საიდანაც 19,1 ათასი ტონა საწვავი შემოვიდა, რაც მთელი იმპორტის 3,9 პროცენტია.

ხათუნა ჩიგოგიძე