"რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ, ეროვნულმა ბანკმა ადეკვატური პასუხები უნდა გასცეს არსებულ გამოწვევებს"

საქართველოს საბანკო სისტემა, უპირველეს ყოვლისა კი ეროვნული ბანკი, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის ფარგლებშიც „ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიური ანგარიში“ წარადგინეს.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, დადებით რეპუტაციაზე მიუთითებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ქრისტინ ლაგარდის ვიზიტი საქართველოში და მხარდაჭერა, რომელიც მან ეროვნული ბანკისა და საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოხატა გატარებული რეფორმების გამო.

„ცხოვრება მაინც წინ მიდის, ქალბატონ ლაგარდის ნათქვამს რომ დავესესხო, ჩვენ რეფორმებისაგან არ უნდა დავიღალოთ. ეროვნულმა ბანკმა, მისმა ხელმძღვანელობამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ დროული და ადეკვატური პასუხები გასცეს არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ტურისტულ სექტორში ამჟამად მიმდინარე მოვლენებისა და ლარის კურსის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.