1-ლი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროექტი ამოქმედდება.

როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს მთავრობის მიერ სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში.

"გრძელდება სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის დარგის მიმართულებით. ეს გახლავთ იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია აგროდაზღვევის სისტემის შემოღებაზე, ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს პროცენტის სუბსიდირებას აგრარული დაზღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, ეს ვრცელდება ყველა იმ პროდუქტზე, რომელზეც საქართველოში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტატისტიკურად იქნა ინფორმაცია მოძიებული. სუბსიდირება ხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე. ამ თანადაფინანსებას, პროცენტის სუბსიდირებას განახორციელებს სახელმწიფო, ხოლო გლეხს ან მომხმარებელს, დამზღვევს ექნება შესაძლებლობა 0,5%-დან გარკვეული შკალების მიხედვით გადაიხადოს დაზღვევის პროცენტი", - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

მისივე თქმით, პროექტის პარალელურად მიმდინარეობს კვლევა, რომლის შედეგები სექტემბრის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი.

"საერთო ჯამში, შევაფასებთ იმ მონაცემებს, რაც წლის ბოლოს დაგროვდება და მომავალი წლიდან უკვე ვგეგმავთ ეს ჩავსვათ კანონის ჩარჩოში და გავაკეთოთ ერთიანი მიდგომის სახელმწიფო დაზღვევის კანონპროექტი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დანელიას განცხადებით, პროექტში ჩართული იქნება ყველა სადაზღვევო კომპანია, ვისაც სურვილი ექნება და გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს. აგროდაზღვევის კოორდინატორი იქნება პროექტების მართვის სააგენტო. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. იგი 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.