მშენებლობის სექტორში კვლავ შემცირების ტენდენცია ფიქსირდება, რომლის მიზეზს ძირითადად წარმოადგენს შენობების, მაგისტრალური მილსადენების, კავშირგაბმულობის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის მოცულობის შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თოდრაძემ აღნიშნა, მშენებლობის დარგში განვითარებული ტენდენციის შესაბამისად, კლება შეინიშნება სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში.
„ეს გახლავთ ძირითადად ნედლეული სამშენებლო პროცესებისთვის და მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მშენებლობაში განვითრებული მოვლენები სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგზე. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 26 პროცენტით შემცირდა სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების იმპორტი. მაგალითად, 16 პროცენტით შემცირდა ცემენტის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან“, - განაცხადა თოდრაძემ.
მისივე ინფორმაციით, ასევე შემცირების ტენდენცია შეინიშნება დამამუშავებელ სექტორში, რაც ძირითადად განპირობებულია ფეროშენადნობების, ასევე მინერალური, აზოტოვანი სასუქების და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებით.
„აქვე აღსანიშნავია, რომ 75 პროცენტით შემცირდა აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი. 46 პროცენტით შემცირდა ფერო-სილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი“, - განაცხადა თოდრაძემ.
რაც შეეხება კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში განვითარებულ მოვლენებს, როგორც თოდრაძემ აღნიშნა, შემცირების თვალსაზრისით, ეს ძირითადად განპირობებული და დაკავშირებულია აზარტულ და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების გამოშვების მოცულობის შემცირებით.