საქონლის ექსპორტი 2019 წლის იანვარ-მაისში გაიზარდა 14.2 პროცენტით და დაახლოებით, 1 მილიარდ 467 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თოდრაძემ აღნიშნა, იმპორტის მაჩვენებელი შემცირებულია 3.6 პროცენტით და 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„2019 წლის მაისში, დაახლოებით 4800-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა და აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა 6.9 მილიარდია და აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13,1 პროცენტით“, - განაცხადა თოდრაძემ.
რაც შეეხება ზრდის და კლების მიზეზებს სექტორების მიხედვით, როგორც თოდრაძემ აღნიშნა, უძრავი ქონებით ოპერაციებით და მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის სექტორში ზრდა განაპირობა ისეთი სახის მომსახურებით დაკავებული საწარმოების ბრუნვის მოცულობის მატებამ, როგორიცაა: ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი, რეკლამა, კომპიუტერებთან დაკავშირებული საქმიანობა, საინჟინრო მომსახურება, მთარგმნელობითი საქმიანობა და ა.შ.
„ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორში ზრდის გამომწვევ მიზეზად გვევლინება ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოების მოცულობის გაზრდა. დაახლოებით, 6.6. პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოება.
ვაჭრობის დარგში ზრდა განაპირობა ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობამ, გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით საბითუმო ვაჭრობა და მანქანებითა და მოწყობილობებით, ასევე კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობა“, - განაცხადა თოდრაძემ.
მისივე თქმით, 2019 წლის მაისში, დაახლოებით, 75 პროცენტით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილებით რეექსპორტი და მისი მოცულობა თითქმის 60 მილიონ დოლარს გაუტოლდა.