სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის შეხვდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის - „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ დეტალები.
"პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ზაფხულში იაპონელი ექსპერტები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლიან საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საჭიროებებს და მოამზადებენ შესაბამის რეკომენდაციებს. რეკომენდაციების საფუძველზე შედგენილ ტრენინგკურსს გაივლიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია კოოპერაციის შესახებ იაპონური გამოცდილების გაზიარება საქართველოში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებისათვის",-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.