ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა, მისო-ების მიმართ შემცირდა - რას საკითხებზე ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

2019 წლის იანვარ-აპრილში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ 4 155 საჩივარი დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის 4 თვეში სებ-ში შესული საჩივრების ოდენობა 2 133-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წელს 4 თვეში ბანკების მიმართ 2 762 საჩივარი შევიდა, რაც 71,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ბანკებზე 1 609 საჩივარი დაიწერა.

რაც შეეხება კონკრეტულად 2019 წლის აპრილს, სტატისტიკის მიხედვით ამ თვეს 839 პრეტენზია დაფიქსირდა.

2019 წლის აპრილის პრეტენზიების სამეულში შედიან:

1) მიმდინარე ანგარიში - 430 განაცხადი

2) ინტერნეტბანკი - 76 განაცხადი

3) სამომხმარებლო სესხი – 74 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, კომერციულ ბანკებთან ერთად 2018 წლიდან სებ-ში აღირიცხება მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებული პრეტენზიები. მიმდინარე წლის 4 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით 395 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან 4 თვეში სებ-ში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით 524 განაცხადი შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.

ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი და 58 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.