სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე საწარმო და რესტორანი დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, წყალტუბოში, წალკასა და დაბა აგარაში რამდენიმე საწარმოსა და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ "ლევან ზირაქიშვილის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტი, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ი/მ "გიორგი სიფრაშვილის" ფქვილოვანი პროდუქციისა და ბურღულეულის საწარმო და კაიროს ქუჩაზე - ი/მ "ბესიკი მიქაუტაძის" ხორცის გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება. საწარმოებში აღმოჩნდა ანტისანიტარია (ზოგიერთ მათგანში - კატა, ტარაკნები); დარღვეული ტემპერატურული რეჟიმი და ხორცის შენახვა-დამუშავების პირობები.

იმერეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე - შპს "განახლებული მუხრანისა" და წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე - ი/მ "თეიმურაზ ჯიაძის" მზა კერძების საწარმოებს, სადაც გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა.

აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას დახურეს ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ი/მ "თურან მერჯანის" საშაურმე. შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა დაბა აგარაში, შპს "გვანცა @ შიდა ქართლის" კუთვნილ რესტორანში აღმოაჩინეს კრიტიკული შეუსაბამობები - კონდენსატით დაფარული კამერა-მაცივრის ჭერი, ხორცის საკიდი კოროზირებული კაუჭები, რის გამოც ბიზნესოპერატორს აღნიშნული კამერა მაცივრიდან აეკრძალა ხორცის შენახვა-რეალიზაცია. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა წალკის რაიონის სოფელ საყდრიონში დახურეს ი/მ "გურამ ჯაყელის"რძის შემკრები პუნქტი, სადაც დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი.

აღნიშნულ ბიზნესოპერატორებს კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ისინი 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.