2020 წლიდან შესაძლოა, ავიაკომპანია „რაინეარი“ საქართველოში შემოვიდეს

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 2020 წლიდან „რაინეარიც“ შემოვა ჩვენს ბაზარზე. მანამდე „ვიზეარმა“ პრაქტიკულად გააორმაგა მგზავრთნაკადი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დიდი ალბათობაც არსებობს, რომ „რაინეარი“ ბაზარზე მომავალ წელს შემოვა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს სპეციფიკა. იმისთვის, რომ 2020 წელს დაიწყოს „რაინეარის“ ფრენები და ამის ძალიან დიდი ალბათობა არსებობს, ჩვენ 2019 წლის ბოლომდე ინტენსიურად უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ჩვენ მივიღეთ პირველი შემოთავაზება, გავაანალიზეთ, იყო გარკვეული ფრენები, რომლებიც ემთხვეოდა არსებულ ფრენებს და ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო აქცენტი გავაკეთოთ ახალ ფრენებზე, საიდანაც მეტი ახალი ტურისტი შემოგვივა. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს მოლაპარაკება. ჩვენ ამას მაქსიმალურად ვაჩქარებთ, განსაკუთრებით ამ ბოლო მოვლენების კონტექსტში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მოვრჩებით და 2020 წლიდან „რაინეარიც“ შემოვა ჩვენს ბაზარზე. მანამდე „ვიზეარმა“ პრაქტიკულად გააორმაგა მგზავრთნაკადი.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.