"ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო კომუნიკაცია ყველა ბაზარზე, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ქართული ღვინის პოზიციები დავიცვათ"

ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მკაფიო კომუნიკაცია ყველა ბაზარზე, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ქართული ღვინის პოზიციები დავიცვათ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრი რუსეთის მხრიდან ღვინოზე ემბარგოს შესაძლო დაწესების საკითხზე დასმულ კითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უნდა იქნას შენარჩუნებული წესრიგი და განვითარების ის ტემპი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, წესრიგი და სტაბილურობა ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა.

„ღვინის სექტორიც ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი დარგია. ზოგადად სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც ქვეყანაში დაახლოებით მოსახლეობის 40% ასაქმებს, არის შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქისთვის. ამიტომ, თითოეულ ხელისუფალს, მთავრობის წევრს და განსაკუთრებით ჩემ პოზიციაში მყოფ ადამიანს აქვს დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. იცით, რომ ღვინის სექტორი საკმაოდ დიდია, მზარდი და რამდენიმე ათასი ადამიანი არის ჩართული. ჩვენ მივიღეთ მომართვა ღვინის მწარმოებლებისგან- ღვინის მწარმოებელთა ასოციაციისა და ღვინის მწარმოებელთა გილდიასგან, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პრაგმატული პოლიტიკის პირობებში უზრუნველყონ სტაბილურობა და სექტორის განვითარების შესაძლებლობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სექტორის მხრიდან.

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ქართული ღვინო საუკეთესოა ხარისხით, ის გამორჩეულია და შეფასებებში მოკრძალებული არ და ვერ ვიქნები. რაც შეეხება იმას, რომ არსებობს კითხვები და მოვისმინეთ განცხადებები მათ შორის რუსეთის სანიტარული სამსახურის მხრიდან, მას რა თქმა უნდა კომპეტენტური პასუხები უნდა გაეცეს. მე იმედი მაქვს, რომ კონუნიკაციის საშუალება მიეცემა ჩვენს შესაბამის უწყებებს: ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს“,-განაცხადა მინისტრმა.