რა ქონებას ფლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია

გიორგი ქობულიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე, 2018 წლის 12 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 27181,81 ლარი აქვს აღებული.

ამასთან, როგორც 2019 წლის 18 ივნისს გამოქვეყნებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გიორგი ქობულია ფლობს სახლებს, მიწის ნაკვეთებსა და ავტოფარეხებს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქობულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას კი ხელი 2019 წლის 18 აპრილს მოეწერა.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულიამ 2018 წელს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში არასაცხოვრებელი ფართი შეიძინა, რომლის ღირებულება 700 000 რუბლია. აღნიშნული ფართის 50%-ს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ფლობს, დარჩენილი 50% კი მისი ცოლის საკუთრებაშია.

მანამდე, 2016 წელს მოსკოვშივე 5 000 000 რუბლად აქვს შეძენილი ავტოფარეხი, რომლის 50%-იანი წლის მლობელი გიორგი ქობულიას ცოლია.

იმავე წელს, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა მოსკოვში 73 196 550 რუბლის ღირებულების სახლიც იყიდა, რომლის 50%-იან წილს კვლავ მისი მეუღლე ფლობს.

დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა 2014 წელს ორი ბინა შეიძინა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, რაშიც ჯამში 455 000 აშშ დოლარი გადაიხადა. (270000 დოლარის ღირებულების ბინა 212,73 კვ.მ-ია, ხოლო 185000 დოლარის - 155,59 კვ.მ.).

2014 წელსვე, ამავე ქუჩაზე გიორგი ქობულიამ 3 ავტოფარეხიც შეიძინა, რომელთა ჯამური ღირებულება 35 000 დოლარია.

როგორც დეკლარაცია აღნიშნული, 2014 წელს გიორგი ქობულიამ წყნეთში სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინა. 9275,62 კვ.მ ფართის სახლის ღირებულება 300 000 დოლარია, ხოლო 1036 კვ.მ მიწის ნაკვეთის 185 000 დოლარი.

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს 2012 წლიდან აქვს ბინა დაბა ბაკურიანში, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებითაა გაფორმებული. აღნიშნული უძრავი ქონების 50 %-ს გიორგი ქობულია ფლობს, 50% (25-25%) კი შვილების სახელზეა გაფორმებული.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, გიორგი ქობულიას ასევე ჩუქების ხელშეკრულებით აქვს მიღებული (2007 წლიდან) 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ბეთანიაშიც.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა 2005 წელს სახლიც (259 კვ.მ ) შეიძინა ბეთანიაში, რომლის ღირებულება 12 500 დოლარია. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ქობულია სახლის მხოლოდ 50%-ს ფლობს, ისევე როგორც ამავე წელს 15 000 დოლარად შეძენილი მიწის ნაკვეთის.

გარდა ამისა, 2014 წელს, გიორგი ქობულიამ 2 140 148 რუბლად შეიძინა ავტომობილი მერსედესი E კუპე (გამოშვების წელი 2014); 2012 წელს ავტომობილი პორშე პანამერა ჯტს (გამოშვების წელი 2012) – 123 453 ევროდ, ხოლო 2008 წელს ტოიოტა ლენდკრუიზერი 200 (გამოშვების წელი 2008) – 83 000 ლარად.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

„სითიბანკი მოსკოვში“: მიმდინარე - 50,08 დოლარს, 32 190 რუბლსა და 17 882 ევროს, ხოლო ანაბრის სახით - 700,1 აშშ დოლარს, 49 899 რუბლსა და 5 605 ევროს.

„საქართველოს ბანკში“: მიმდინარე - 604 290,45 ევროს, 11 332,49 ლარს, 203 219,83 დოლარსა და 34 518,4 გრივნას. ხოლო სახელფასო დანაზოგის სახით - 1000 ევროს.

ნინი ქეთელაური