”ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126 ათას ტონამდე იქნება”

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126 ათას ტონამდე იქნება. უწყების პროგნოზით, აქედან 96 ათას ტონამდე რქაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავი მოვა.

"2014 წელს ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126 ათას ტონამდე იქნება, აქედან 96 ათას ტონამდე რქაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავია. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, წელს სუბსიდია შარშანდელთან შედარებით რქაწითელზე უმნიშვნელოდ შემცირდა და 35 თეთრს, ხოლო გადაჭარბებული მოთხოვნის გამო 1 კგ საფერავზე - 15 თეთრს შეადგენს.

ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინასწარი განცხადების თანახმად, მათი მხრიდან ყურძნის გადამუშავებაზე მოთხოვნა რქაწითელზე 60 ათას ტონას, ხოლო საფერავზე - 50 ათას ტონას შეადგენს. სახელმწიფო კომპანიების მიერ სავარაუდოდ გადამუშავდება დაახლოებით 10 ათას ტონამდე რქაწითელი. წინასწარი მონაცემებით, თბილისსა და საქართველოს რაიონებში საკვები ყურძნის სახით ჯამში 29 ათასი ტონამდე რქაწითელი იქნება ათვისებული. გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარი მონაცემებით, რქაწითელზე მოთხოვნა ჯამში 99 ათას ტონამდეა, ხოლო სავარაუდო მოსავალი 96 ათას ტონას შეადგენს, წელს ყურძნის რეალიზაციის პრობლემა მევენახეებს არ შეექმნებათ", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება.