საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა - წლიურად მისოების რაოდენობა 16-ით შემცირდა

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 26 ივნისის განკარგულებაშია აღნიშნული. კერძოდ, საუბარია, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იმერკრედიტზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ასევე გაეგზავნოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისთვის მისი გაცნობისთანავე,“- აღნიშნულია განკარგულებაში.

მიმდინარე წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდება, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. კერძოდ, როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, თებერვლის მონაცემებით - 63 მისო; მარტ-აპრილში - 61; მაისში კი 58 მისო ფუნქციონირებდა; ხოლო 29 ივნისის მდგომარეობით ქვეყანაში 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. აღსანიშნავია, რომ წლიურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა უკვე 16-ით არის შემცირებული. კერძოდ, გასული წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 72 მისო იყო რეგისტრირებული.

თაია არდოტელი