დავით სერგეენკო : დეფიციტი და წამლების გაძვირება მოსალოდნელი არ არის

ე.წ. მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის რეაქციამ ჯანდაცვის მინისტრი დაარწმუნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აუცილებლად იყო მისაღები.

შესაბამისი განცხადება სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების, კლინიკებისა და პოლიკლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ სიახლის გარშემო 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილ დროში აუცილებელია მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობა. "ბოლო ხანებში რასაც ვხედავთ, საზოგადოების ნაწილის რეაქცია, რომელიც საფრთხედ აღიქვამს იმას, რაც სხვაგვარად არც კი შეიძლება იყოს, მარწმუნებს, რომ ეს იყო აუცილებელი გადაწყვეტილება", - განაცხადა მინისტრმა უწყებაში მიმდინარე შეხვედრაზე.

დავით სერგეენკოს თქმით, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ყველა რისკის გაანალიზება და სისტემა სავალდებულო სარეცეპტო სისტემაზე გადასვლისათვის არის მზად.

შეხვედრაზე სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა რიგი ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოსახლეობისათვის გაგზავნილ იმ სმს-ებზე, სადაც კომპანიები 1-ელ სექტემბრამდე წამლების მომარაგებისაკენ მოუწოდებენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმეტეს შემთხვევაში ასეთი სმს-ები ატარებდა პარტნიორულ ხასიათს, რადგან იყო გაფრთხილება, რომ პირველი სექტემბრისათვის მეორე ჯგუფის წამლების გაცემა იწყებოდა რეცეპტით, თუმცა მოწოდებები მარაგის შექმნაზე, მინისტრის თქმით, იყო მავნებლური დამოკიდებულება მოქალაქეების ნერვებსა და სიმშვიდეზე.