სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღება (ე.წ ამნისტია) არ გულისხმობს დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ან სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის ბიუჯეტში ჯარიმის, საურავის ან მისი ნაწილის სახით გადახდილი თანხის სამართალდამრღვევ სუბიექტისათვის უკან დაბრუნებას.
“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების ეს ნაწილი კი იმას ნიშნავს, რომ თუ კონკრეტული ობიექტი მიღებული იქნება ექსპლუატაციაში და ამასთანავე, მას სამშენებლო სამართალდარღვევებისათვის დაკისრებული აქვს შესაბამისი ჯარიმა/საურავები, მას ჯარიმები არ მოეხსნება და გადახდა კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა განხორციელდეს.
უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა, მათ შორის შენობა-ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი მშენებლობადამთავრებული ობიექტი, თუ მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რომელზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა) დარღვევით, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ცვლილებით, ფუნქციური ზონირების დარღვევით, ასევე თუ მშენებლობა ნაწარმოებია - შეუსაბამო მიწის ნაკვეთზე.
ექსპლუატაციაში მიღება იმ ობიექტებს ეხება, რომლებზეც გაცემულია მშენებლობის ნებართვა და 2019 წლის 15 მაისის მდგომარეობით მშენებლობა დამთავრებულია.
მშენებლობადამთავრებულად მიიჩნევა ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.
დაინტერესებულმა პირმა, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უნდა მიმართოს.