ხუთი სპეციალიზებული გემისგან შემდგარმა იაპონურმა ფლოტილიამ სიმონოსეკის პორტი დატოვა და ვეშაპებზე სანადიროდ ზღვაში გავიდა. იაპონია რეწვის მიზნით 227 ვეშაპის დაჭერას გეგმავს - წერს სააგენტო „კიოდო“.
იაპონიის სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის მინისტრმა ტაკამორი იოსიკავამ განაცხადა, რომ იაპონია მკაცრად დაიცავს მისთვის დადგენილ კვოტებს და ამავდროულად, ვეშაპებზე ნადირობის მრეწველობას აღადგენს. ამ ეტაპზე იაპონიას უფლება ეძლევა ნადირობა მხოლოდ მის ტერიტორიულ წყლებსა და ეკონომიკურ სივრცეში აწარმოოს.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 30 ივლისს იაპონიამ ოფიციალურად დატოვა „ვეშაპების მრეწველობის საერთაშორისო კომისია“ და ორგანიზაცია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ამ გადაწყვეტილების გამო ქვეყანა მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდა, მათ შორის, ავსტრალიის მხრიდან, მაშინ იაპონელებმა საკუთარი გადაწყვეტილება სამეცნიერო მიზნებით ახსნეს და თან დასძინეს, რომ ვეშაპების საკვებად გამოყენება მათი ქვეყნის კულტურის ნაწილია, თანაც ძველი დროიდან.
როგორც ცნობილია, 2014 წელს ჰააგის სასამართლომ მოსთხოვა ტოკიოს შეწყვიოტოს ვეშაპებზე ნადირობა, ვინაიდან ის არა სამეცნიერო, არამედ სამრეწველო მიზნებით ხორციელდებოდა. იაპონიის ხელისუფლებამ, თავის მხრივ კი პირობა დადო, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებდა ვეშაპებზე ნადირობას, თუმცა მას სრულად არ შეწყვეტდა. ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, ტოკიო კი დაიმუქრა, რომ დატოვებდა ამ ორგანიზაციას და საბოლოოდ ასეც მოიქცა.