საქართველოს მოსახლეობის 34,2% წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 22 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 221.9 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.45 მილიონი (65.8 %) შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, გასულ წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა და 1.81 მილიონი (48.6 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.6 პროცენტით და 1.34 მილიონს (36.0 %) მიაღწია.