ტრანზიტით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ ექვს პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ექვს ტრანზიტით მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა.

კომისიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სხდომაზე იქნა მიღებული.

"შპს "ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს" - მიეცა გაფრთხილება მის მიერ რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) გარეშე, უცველელი სახით, სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის გამო. იმავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით შპს ,,ფოთის ტელევიზიის მოყვარულთა კლუბს", დაევალა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

შპს BATUMI MEDIA GROUP -ს დაეკისრა ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით, კომპანიის მიერ რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები) გარეშე, უცვლელი სახით, საქართელოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო. შპს BATUMI MEDIA GROUP-ს, აგრეთვე, დაევალა არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ვებ-გვერდის შექმნა და განთავსება.

შპს TV ERA -ს - დაეკისრა ფულადი ჯარიმა 9,098.54 ლარის ოდენობით მის მიერ ნაწილი სამუწყებლო არხების შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, უცვლელი სახით, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტისათვის, ხოლო მიეცა გაფრთხილება რამდენიმე სამაუწყებლო არხის, სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. შპს "TV ERA"-ს, ასევე, დაევალა ქმედების განხორცილება, კერძოდ, იმ სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად რეტრანსლირების დაუყონებლივ შეწყვეტა, რომლებზეც, კომპანიას არ გააჩნია შესაბამისი ხელშეკრულება.

შპს "სატელიტსერვის"-ს მიეცა გაფრთხილება მის მიერ სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო.

შპს ,,ტელეკომპანია დიას" მიეცა გაფრთხილება მის მიერ ნაწილი სამუწყებლო არხების, შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე, უცვლელი სახით, საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერი ტრანზიტის და რამდენიმე სამაუწყებლო არხის სამომხმარებლო პაკეტში ჩასმამდე და საკაბელო ქსელით გავრცელებამდე რეტრანსლირებაზე უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულების/სანებართვო წერილების კომისიაში წარმოუდგენლობის გამო. შპს "ტელეკომპანია დიას" ასევე დაეკისრა საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად რეტრანსლირების დაუყონებლივ შეწყვეტა.

შპს "ტვ XXI+" -ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე, უცველელი სახით, სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის გამო. სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს ,,ტვ XXI+"-ს, იმავდროულად, დაეკისრა სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა", - აცხადებენ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.