ეკონომიკის სამინისტროში "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში თანამშრომლებისთვის "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილეები, ნათია მიქელაძე და ირმა ქავთარაძე, ასევე სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.

"სოლიდარობის ფონდი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა.

საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. ფონდი ბენეფიციარებს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებაში დაეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობის ანალოგიური სერვისების საქართველოში უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

"სოლიდარობის ფონდის" პროექტი საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. ახლად შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" პროექტის ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო აფინანსებს, მისი მუშაობის ფინანსურ გამჭვირვალობას და თანხების მიზნობრივად განკარგვას კი სპეციალური კომისია უზრუნველყოფს.