თბილისი და პრაღა რუსეთში ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების ხუთეულშია

რუსეთში თბილისი და პრაღა 2019 წლის ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების ხუთეულში მოხვდნენ. აღნიშნული მონაცემები Biletix-ზე დაჯავშნილი ბილეთების რაოდენობის მიხედვით „ინტერფაქსმა“ გამოაქვეყნა. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები 8 ივლისიდან, ხოლო ჩეხეთის მიმართულებით 7 ივლისიდან შეწყდება.

„ინტერფაქსის“ მონაცემებით, რუსეთში ყველაზე პოპულარული ავიამიმართულებების ხუთეულში არიან: თბილისი, ერევანი, პრაღა, მინსკი და ბურგასი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საზღვარგარეთ ავიამომოსვლებზე მოთხოვნა 29%-დან 35%-მდე გაიზარდა, ხოლო შიდა ფრენებზე 71%-დან 65%-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები აიკრძალება. ამის მიზეზად ვლადიმერ პუტინმა საქართველოში მიმდინარე აქციები დაასახელა, სადაც, მისი თქმით, ანტირუსული მოწოდებები კეთდება.

გუშინ ღამით კი ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის ავიაციის სააგენტომ 3 რუსულ ავიაკომპანიას ფრენები შეუჩერა. განკარგულების თანახმად, რუსულ ავიაკომპანიებს „აეროფლოტსა“ და „ურალის ავიახაზებს“ ფრენები პრაღის მიმართულებით დღეიდან უნდა შეეჩერებინა, ხოლო ხვალიდან ფრენის უფლება კარლოვი-ვარის მიმართულებით, „აეროფლოტის“ შვილობილ კომპანია „პობედას“ შეუჩერდებოდა. თუმცა, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ჩეხეთის სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მოგვიანებით, ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული გადამზიდავებისთვის დროებითი ფრენის უფლება 7 ივლისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი აიკრძალება.

ნინი ქეთელაური