მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია "რედიქსი" დააჯარიმა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოსაშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გამო კომპანია "რედიქსი" დააჯარიმა.

მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე მოსაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობისგან შემოვიდა სატელეფონო ზარები. მათ გამოთქვეს პროტესტი, რომლის თანახმად ჭავჭავაძის გამზირზე #64-ში სამშენებლო კომპანია "რედიქსი" ე.წ. დამცავი კედლის მშენებლობას ახორციელებდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებმა უმოკლეს ვადაში მოახდინეს შესაბამისი რეაგირება, გავიდნენ ადგილზე და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მითითება მისცეს, რათა მიმდინარე სამუშაოები შეეჩერებინათ. კომპანიის წარმომადგენლები მითითებას არ დაემორჩილნენ, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია "რედიქსი" დააჯარიმა. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა.