კრისტინ ლაგარდი მსოფლიო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობას დროებით ტოვებს

მსოფლიოს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი დროებით აჩერებს საკუთარ უფლებამოსილებას ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მისი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენით.

„ჩემთვის პატივია, ვიყო ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი. ამასთან დაკავშირებით და სავალუტო ფონდის ეთიკის კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება დროებით შევიჩერო უფლებამოსილება მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე, სანამ მიმდინარეობს ჩემი კანდიდატურის განხილვა“, - დაწერა ლაგარდმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

როგორც ცნობილია, ამ განცხადებიდან მალევე ევროკავშირის ქვეყნების სამიტმა ლაგარდის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე. ახლა ეს გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს ევროპარლამენტმა. აღნიშნულ პოსტზე მან 1-ელ ნოემბერს უნდა ჩაანაცვლოს იტალიელი მარიო დრაგი.

კოკა კვირკველია