„სამშენებლო კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი და დირექტორი განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ"

სამშენებლო კომპანია“ სვეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებლის და დირექტორის გივი ჯიბლაძის და თორნიკე ჯანელიძის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, მათი დაკავების დღიდან აცხადებენ, რომ არიან უდანაშაულოები და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების დაკვეთით არის ორგანიზებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს და ვაპირებთ კანონით დადგენილი წესით გავასაჩივროთ სააპელაციო ინსტანციაში“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი განცხადებით, როგორც გამოძიების პროცესში, ისე სასამართლო განხილვებისას არსებითად დაირღვა კანონი და მოსამართლემ მრავალტომიან საქმეზე დაკვნითი და საბოლოო სიტყვის მომზადებისთვის დაცვის მხარეს ერთი სამუშაო დღეც კი არ მისცა, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა გივი ჯიბლაძის და თორნიკე ჯანელიძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა.

„დაცვის მხარეს მრავალტომიან საქმეზე, სასამართლომ ერთი სამუშაო დღეც კი არ მოგვცა, ვინაიდან იწურებოდა პატიმრობის ცხრათვიანი ვადა და ბოლო დღეს დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. გარდა ამისა, არსებობს არაერთი უკანონობა საქმეში, როგორც გამოძიების პროცესში, ისე სასამართლო განხილვისას, რაზეც ცხადია საჩივარში გავამახვილებთ ყურადღებას. გივი ჯიბლაძის და თორნიკე ჯანელიძის მიზანიმიმართული დაჭერით და სამშენებლო პროცესის შეჩერებით, დაზარალებულ მენაშენეებს სახლებს არავინ აუშენებს. ამიტომაც უნდა მოხდეს ისეთი გამოსავლის მოძებნა, რომ ერთის მხრივ, არ დაირღვეს კანონი, ხოლო მეორეს მხრივ დაზარალებულებმა მიიღონ სათანადო კომპენსაცია და გაგრძელდეს კონკრეტული ინტერესების მქონე, გავლენიანი ჯგუფის დაკვეთით, ხელოვნურად შეჩერებული მშენებლობები“,-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებლის და დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. “სვეტის” დამფუძნებელს გივი ჯიბლაძეს 8 წლით, ხოლო დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს 6 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათ ბრალად მენაშენეების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3 356 385 ლარის თაღლითური გზით დაუფლება ედებათ.