კახურ ყურძენზე მოთხოვნა იზრდება

ქარხნებს 50 ათასი ტონა ”საფერავი” სჭიდებათ, მოსავალი კი მხოლოდ 30 ათასი იქნება

კახეთში ყურძნის მოსავალი სავარაუდოდ, 126 ათასი ტონა იქნება, აქედან 111 ათას ტონას მხოლოდ ქარხნები შეისყიდიან. წელს კახურ ყურძენზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მიუხედავად ამისა, მთავრობამ, როგორც ჩანს, მაინც ვერ გარისკა და რთველის სუბსიდირება ისევ ძალაში დატოვა.

ასე რომ, ყურძენზე ისეთი დიდი მოთხოვნა ანონსდება, რომ კახელები რამდენიმე წლის წინ 2 ათასი ლარის სანაცვლოდ გაჩეხილ ვენახს ახლა დასტირიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს ყურძნის მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 126 ათას ტონამდე იქნება. უწყების პროგნოზით, აქედან 96 ათას ტონამდე ქრაწითელი და 30 ათას ტონამდე საფერავი მოვა.

ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინასწარი განაცხადების მიხედვით, მოთხოვნა ”რქაწითელზე” 60 ათას ტონას, ხოლო ”საფერავზე” - 50 ათას ტონას შეადგენს, ანუ 20 ათას ტონაზე მეტ მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელთან შედარებით.

გარდა ამისა, სახელმწიფო კომპანიების მიერ დაახლოებით 10 ათას ტონამდე ”რქაწითელი” გადამუშავდება. წინასწარი მონაცემებით, თბილისსა და საქართველოს რაიონებში საკვები ყურძნის სახით ჯამში 29 ათასი ტონამდე ”რქაწითელია” საჭირო. ”წინასწარი მონაცემებით, რქაწითელზე მოთხოვნა ჯამში 99 ათას ტონამდეა, ხოლო სავარაუდო მოსავალი 96 ათას ტონას შეადგენს, წელს ყურძნის რეალიზაციის პრობლემა მევენახეებს არ შეექმნებათ”, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ველისციხელი ომარ ბეჟანიშვილი ამბობს, რომ წელს ყურძნის უხვი მოსავალია, თუმცა პრობლემას გვალვა ქმნის. ვენახს ტრაქტორებით რწყავენ, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

”ძალიან ცხელა, მოგეხსენებათ, რომ ველისციხეში წყლის პრობლემაც გვაქვს, ამიტომ ვენახის მორწყვა ჭირს. ალაზნიდან ტრაქტორებით მოგვაქვს წყალი და ვენახს ასე ვრწყავთ. ეს დამატებით შრომასა და ხარჯთან არის დაკავშირებული. თუმცა, მთავარია შრომა დაგვიფასდეს და ალბათ, ასეც იქნება. ყურძნის ფასთან დაკავშირებით, დედაქალაქიდან ისეთი კარგი ამბები მოდის, რომ მთელი დღე ვაზს შევხარით. მე ”რქაწითელის” ჯიშის ვენახი მაქვს და როგორც ამბობენ, 1 კილოგრამი ყურძენი მინიმუმ 1 ლარი ეღირება. ძალიან კარგი ფასია, რას ამბობთ, განა დამავიწყდა 2 წლის წინ ქარხნებს 40 თეთრს რომ ვეხვეწებოდით”, - ამბობს ომარ ბეჟანიშვილი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება ისევ ძალაში დარჩა, თუმცა სუბსიდიის მოცულობა შემცირდა. კერძოდ, ”რქაწითელზე” სუბსიდია 35 თეთრი იქნება, ”საფერავზე” კი - 15 თეთრი. მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებისთვის 12 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სახელმწიფო სუბსიდიით ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც ყურძენს 1 ლარად შეიძენენ.

”სუბსიდირებას არ ვგეგმავდით, თუმცა შესაძლო გარემოებები გავითვალისწინეთ და დარგის კიდევ უფრო მეტი წახალისებისთვის 2014 წელს სუბსიდირება ძალაში დარჩა”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და დასძინა, რომ გაისად სუბსიდირების საიჭროება აღარ იქნება.

შარშან სუბსიდიამ 30 მილიონ ლარს გადააჭარბა, აქედან 25 მილიონი ლარით თეთრი ყურძენი დაფინანსდა, 5 მილიონი ლარით კი წითელი ყურძენი.

რთველი 2014-ის საკოორდინაციო შტაბი 20 აგვისტოს გაიხსნება და 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. შარშანდელის მსგავსად, ჩაბარებული ყურძენი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება. გარდა ამისა, წელს, რთველის სეზონზე, ყურძნის ხარისხთან ერთად, ქარხნებიდან ჭაჭის უტილიზაციის პროცესიც მკაცრად გაკონტროლდება.

ყურძენზე მოთხოვნის ზრდის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზრის გახსნა გახდა, თუმცა მეღვინეები აცხადებენ, რომ საკმაოდ წარმატებული რეალიზაცია აქვთ სხვა ქვეყნებშიც, ისინი განსაკუთრებულ იმედს ჩინეთზე ამყარებენ. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობამ 46 მილიონი ბოთლი შეადგინა. 2014 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 31 მილიონია. წლის ბოლოს ექსპორტის რაოდენობა 50 მილიონ ბოთლს მიაღწევს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”