სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების ნორმის განსაზღვრის მიზნით ნიმუშებს იღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, არსებული მონაცემებით, ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.
მათივე ინფორმაციით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში, მათ შორის, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით - საზამთროსა და ნესვის ნიმუშები.
„სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ნიტრატების განსაზღვრის მიზნით წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.