„მოვუწოდებთ მთავრობას, აღარ გააჭიანუროს ryanair-თან კონტრაქტის ხელმოწერა და ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე გაიყვანოს"

მოვუწოდებთ მთავრობას, აღარ გააჭიანუროს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ryanair-თან კონტრაქტის ხელმოწერა, მოაწეროს ხელი ამ კონტრაქტს და ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე გაიყვანოს, - ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ტურიზმის სფეროში ანტიკრიზისული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას აქვს ერთწლიანი ჩამორჩენა, ამიტომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, wizzair არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რაც თავად კომპანიას სურს.

„ცხადია, რუსი ტურისტებიც უნდა შემოდიოდნენ, ვაჭრობაც უნდა იყოს რუსეთთან, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ ამის იმედი გვქონდეს და მთავრობა ამბობდეს, რომ ეს გადაგვარჩენს. ევროპელი ტურისტები, მაგალითად, გერმანელები ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსი ტურისტები. ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ მთავრობას, აღარ გააჭიანუროს დაბალბიუჯეტიან კომპანია ryanair-თან კონტრაქტის ხელმოწერა, მოაწეროს ხელი ამ კონტრაქტს და გაიყვანოს ქუთაისის აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე დაგეგმილ მგზავრთა ნაკადზე. ryanair-ს უნდა დაეწყო ფრენა ქუთაისში 2013 წელს და დღეს ცხადია, ბევრად უფრო დიდი შემოსავალი იქნებოდა საქართველოში. ასევე, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოებას აქვს ერთწლიანი ჩამორჩენა, ერთი წლით ჩამორჩება მშენებლობა გრაფიკს, რის გამოც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, wizzair არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რაც მას სურს. გარდა ამისა, „ევროპული საქართველო” აპირებს, წინადადების პაკეტით გამოსვლას ეკონომიკაში, ანუ, ეკონომიკური თემებით შეტევას ,,ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ყოველგვარი მცდელობა მათი მხრიდან, რომ ხალხს დააბრალოს მათი შეცდომებით გამოწვეული სიდუხჭირე, ფასების ზრდა და ამ შემთხვევაში, ტურიზმიდან შემოსავლებში სიძნელეები, ჩავარდნები - ეს რა თქმა, უნდა ,,ქართულ ოცნებას” არ გამოუვა”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.