„თუკი „სინერჯი კაპიტალი“ უფრო განვითარდება, იქნება მაგალითი ხელისუფლებისთვის, აჩვენოს ბანკებს, რომ კერძო კაპიტალის ფონდებზე მოთხოვნა არსებობს“

„საქართველოში კერძო კაპიტალის ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, თუმცა მისი განვითარება არ ხდება, რადგან ყველაფერი კომერციული ბანკების ხელშია“, - ამის შესახებ ბიზნეს-სამართლის სპეციალისტმა, ანალიტიკოსმა აკაკი ჩარგეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც ბაზარზე ამ მიმართულებით მუშაობს, არის „სინერჯი კაპიტალი“: „ეს ორგანიზაცია არის ნათელი წერტილი იმ რეალობის, რაც დღეს საფინანსო ბაზარზე გვაქვს“, - დასძინა ჩარგეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

მსოფლიოში კაპიტალის ბაზარი უკვე წლებია აქტიურად ვითარდება. საქართველოში კი ჯერჯერობით, არც კანონმდებლობა გვაქვს და მითუმეტეს, არც ბაზარია განვითარებული. აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ კაპიტალის ბაზრის მიმართ ინტერესი არსებობს და ამ ბაზარს განვითარების პერსპექტივაც აქვს.

„უკვე წლებია საქართველოში ვერც ერთმა კერძო კაპიტალზე დაფუძნებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა რეალურად ფეხი ვერ მოიკიდა, რამდენადაც ქვეყნის საფინანსო სექტორში მხოლოდ ბანკები არიან განვითარებულები. რეალურად საქართველოს საფონდო ბირჟაც (თბილისის საფონდო ბირჟა) თავისი ინფრასტრუქტურით არის ბანკების ხელში. არადა, კერძო კაპიტალის ფონდებზე ქვეყანაში მოთხოვნა ნამდვილად არსებობს და მას სერიოზული პერსპექტივაც გააჩნია“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა.

ამასთან, ანალიტიკოსის თქმით, მსოფლიოში კერძო კაპიტალის ფონდებით განვითარდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Apple, Microsoft-ი, Bosch, Siemens და სხვა. ამიტომაც აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები დაიწყოს.

„ბაზარზე ოპერირებს „სინერჯი კაპიტალი“, რომლის საქმიანობასაც მეც და სხვა ანალიტიკოსები თვალყურს ვადევნებთ. თუკი „სინერჯი კაპიტალი“ შეინარჩუნებს თავის პოზიციებს და უფრო მეტად განვითარდება, ეს იქნება მაგალითი ხელისუფლებისთვის, აჩვენოს ბანკებს, რომ კერძო კაპიტალის ფონდებზე მოთხოვნა არსებობს.

დღეს რასაც „სინერჯი კაპიტალი“ აკეთებს, შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან კარგი. ორგანიზაციამ დაიწყო უფრო მმართველობითი მენეჯერული მომენტების შეტანა თავის საქმიანობაში და ბაზარზეც საკუთარი ნიშა დაიკავა. სამწუხაროდ, ამის მეტი საქართველოში კერძო კაპიტალის ფონდთან დაკავშირებით არაფერი არ ხდება“, - განაცხადა ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ ამ ბაზრის განვითარება ქვეყნის საფინანსო სექტორისთვის, ბიზნესისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.