რატომ შემცირდა ინფლაციის მაჩვენებელი

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა. თუ რამ გამოიწვია ინფლაციის შემცირება, საკითხზე განმარტებას "აფბას" ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე აკეთებს.

"ბიზნესპრესნიუსი" პაატა ბაირახტარის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამოქვეყნდა ივნისის ინფლაცია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფასები წინა თვესთან შედარებით შემცირებულია. უნდა გაგვიხარდეს ხო, ფასები შემცირდა, ცენტრალური ბანკი მიზნობრივ მაჩვენებელს უფრო მიუახლოვდა, საზოგადოების მსყიდველობითმა უნარმა მოიმატა, ცუდი რა არის ამაში.

ახლა რა ხდება სინამდვილეში, წინა თვეში ინფლაცია დაფიქსირდა 4.7 %, რაც საკმაო გადახრაა თარგეთიდან. თუ გავითვალისწინებთ, ივნისში მიმდინარე პროცესებს, კურსის მნიშვნელოვან დაცემას, საწვავის ფასის ისტორიულ მატებას, სავსებით ლოგიკურად ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი, კიდევ უფრო უნდა გადახრილიყო მიზნობრივიდან, მით უფრო, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათა მნიშვნელოვან წილად იმპორტული პროდუქციით ივსება. მაგრამ არა, საქსტატმა გვამცნო, რომ ივნისის ინფლაცია 4.3% ფარგლებში მერყეობს.

ჩნდება კითხვა, ეს როგორ ?! როგორ და ასე, მართალია ფასები გაიზარდა კვერცხზე, შაქარზე, რძეზე, ყველზე ტკბილეულზე, სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, ასევე ფასების მატება გვაქვს ტრანსპორტზე და ჯანდაცვაზე, მაგრამ ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. სწორედ ამ უკანასკნელმა განაპირობა ფასების საერთო დონის „შემცირება“ ქვეყანაში",-წერს პაატა ბაირახტარი.