ეკონომიკური სენატის წევრი 10 ქართული კომპანია გახდება

10 ქართული კომპანია დღეს გახდება ეკონომიკური სენატის წევრი

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ფორუმზე მთავრობის წარმომადგენლები ისაუბრებენ სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. მისივე თქმით, უმსხვილეს ბიზნეს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

"ეს არის უმსხვილესი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც აწევრიანებს როგორ მსხვილ ევროპულ ბიზნესს, ასევე პოლიტიკოსებს; წარმოადგენს ბიზნესლობს, რომელიც ახორციელებს ევროპული ბიზნესის ინტერესებს სხვა ქვეყნებში, ასევე მათი წევრები სხვა ქვეყნებიდან ახორციელებენ ამ ქვეყნების ინტერესებს ევროკავშირის ბაზარსა და ევროკავშირში. დღეს ევროპული ეკონომიკური სენატის წევრი ხდება 10 ქართული კომპანია. ეს შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ბიზნესკლუბის მიერ და წარმოადგენს ხიდს ქართულ და ევროპულ ბიზნესს შორის. დღეს წარმოდგენილი იქნება ასევე, საინვესტიციო პროექტები, საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში და მიწოდებული იქნება ევროპელი ინვესტორებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც იხსნება საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის, რათა უფრო გააღრმავონ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით საერთაშორისო ფორუმი - "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი" გაიხსნა. ფორუმი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები.

ევროპის ეკონომიკური სენატი წარმოადგენს ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ-ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან. სენატის პრეზიდენტია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ინგო ფრედერიკი.