ახალი კანონის მიღების შემთხვევაში აშშ-ში მყოფი 8.3 მილიონი მცირეწლოვანი მიგრანტი ჯანმრთელობის დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ბოლო დღეების განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლება განიხილავს საკითხს, უნდა სარგებლობდნენ თუ არა ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პროგრამა Medicaid-ით ის პირები, რომლებიც აშშ-ში იმყოფებიან, თუმცა ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. იმ შემთხვევაში თუ არსებული პროგრამა გაუქმდება, მაშინ აშშ-ში მყოფი 8.3 მილიონი მოქალაქეობის არმქონე ბავშვი ჯანმრთელობის დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს.
აღნიშნულ ინციატივას ნეგატიურად აფასებენ ამერიკის მედიცინის ასოციაციაში. ისინი აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ადამიანთა უფლებები შეილახება და შესაძლოა, ბავშვთა ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეექმნას.
ამერიკის მედიცინის ასოციაციის ინფორმაციით, დღესდღეობით აშშ-ში პროგრამა Medicaid-ით 615 000 ასთმით, 53 000 ეპილეფსიითა და 3 600 კიბოთი დაავადებული ბავშვი გადის მკურნალობას. პროგრამის გაუქმების შემთხვევაში კი უცნობია, თუ რა ბედი ეწევათ მათ.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აპირებს აშშ-ის ხელისუფლება აღნიშნული საკითხის განხილვას.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა