2013 წელს საქართველოში 942 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წელს 942 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.0 პროცენტით აღემატება ამავე წლის წინასწარ და 3.3 პროცენტით - 2012 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29% შეადგინა.

ყველაზე დიდი ინვესტორი ქვეყანა საქართველოსთვის ნიდერლანდებია, საიდანაც შარშან საქართველოში 153 მლნ აშშ დოლარის (16%) კაპიტალი შემოვიდა, მეორე ადგილზე ლუქსემბუგია (142,5 მლნ აშშ დოლარი – 15%), მესამე პოზიცია კი ჩინეთს (89,9 მლნ აშშ დოლარი –10%) უკავია.

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 245 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26%-ია; მეორე ადგილზე საფინანსო სექტორია (166 მლნ აშშ დოლარი – 18%), მესამეზე კი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (140 მლნ აშშ დოლარით – 15%).