თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მისი თქმით, მოწესრიგდება ეზო, გამაგრდება გალავანი და აღდგება ერეკლეს აბანო.

„პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფაქტობრივად იშლება გალავანი, რომელსაც აზიანებს მიწისქვეშა წყლები. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, აღდგება ერეკლეს აბანო და გამაგრდება ეზოში არსებული ტაძარი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტერიტორია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალ დონეზე რეაბილიტირებული. ტურისტულად საკმაოდ მიმზიდველი ადგილია. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ამ სასახლეს. ზოგადად, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსგავსი სივრცეების მოვლა-პატრონობა და არაერთ მსგავს პროექტს ვახორციელებთ. მე დავავალე თბილისის განვითარების ფონდს, რომ მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც ბევრი ბარაკია და მოსახლეობა ცხოვრობს მძიმე პირობებში, შემუშავდეს რეაბილიტაციის პროექტი და მოხდეს მისი განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდე (1 997 851 ლარი) თანხაა განსაზღვრული, სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს.

დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაგუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, იკომოს საქართველოს“ წარმომადგენელი მერაბ ბოჭორიძე იმყოფებოდნენ.