საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოყოს შესაბამისი ფინანსური და სოციალური დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები „ბორდერიზაციის“ შედეგად შეილახა. აღნიშნულის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ეხება. კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებით იმ პირების დახმარება უნდა მოახდინოს რომლებმაც „ბორდერიზაციის“ გამო სახნავ-სათეს მიწებზე, ხეხილის ბაღებზე და საძოვრებზე წვდომა დაკარგეს.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გაავრცელოს სახელმწიფო რეფერალური პროგრამა გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებზეც, რათა მათაც ისე შეძლონ უფასო ჯანდაცვით სარგებლობა, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის სხვა მცხოვრებლებმა; გამოძებნოს და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა „ბორდერიზაციით“ გამოწვეული დარღვევების თანამშრომლობის გზით გამოაშკარავებაში და აღმოფხვრაში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით (ფორმალურად ან არაფორმალურად)“- ნათქვამია Amnesty International-ის კვლევაში.