საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ ინდმეწარმე "რომან ქაჯაია" მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ლევან ქაჯაიასთან ერთად მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდა კუსტარული წესით დამზადებული, ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციას.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტს, შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით - ხუთიდან შვიდ წლამდე.